3.11.2015

პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში თბილისის 45-ე საჯარო სკოლის II და III კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეების სახელზე წერილები მოამზადეს. ავღანეთში უფროსი ქართველი სამხედრო წარმომადგენლის, პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძის შვილები კესარია და ლაშა, სწორედ, ამ კლასებში სწავლობენ.

ბავშვებმა წერილები კესარიას და ლაშას მამის თანამებრძოლებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრებს გადასცეს. სამხედროებმა ბავშვებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართველი ჯარისკაცების როლზე ესაუბრნენ.

პატარებმა სამხედროებს სკოლაში სათამაშოების დიდი შეკვრაც დაახვედრეს. ბავშვებმა სათამაშოები ავღანელი თანატოლებისთვის შეაგროვეს და ოფიცრებს გზავნილის მათთვის გადაცემა სთხოვეს.